კარგა ხნის მიტოვებულ-მივიწყებულმა ჩემმა ბლოგმა დღეს შემახსენა თავი, როდესაც მაილზე Tamara-ს კომენტარი დამხვდა „პოსტებთან“ დაკავშირებით. დროულადაც შემახსენააააა. შუა ეგეოსის ზღვაში გემზე ამხედრებულსა და ბერძნულ კუნძულებს შორის მოხეტიალეს მეტი რა საქმე მაქვს გარდა იმისა, რომ ზღვის საოცარი სილურჯით დავტკბე (რომელსაც იმ ენებს შორის, რომლებთანაც მქონია შეხება, მხოლოდ ბერძნული ენა გამოხატავს მთელი სიზუსტით: ღ*ალაზია – ეს ფერი ჩემთვის სწორედ იმ ფერს ასახავს რომელიც მხოლოდ ეგეოსის ზღვას აქვს, მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში) და რამე მოვჯღაბნო.
ისე კი დიდი ხანია არაფერი დამიწერია, დისერტაციის ნაწილსა და 2 დღის წინანდელ მოხსენებას თუ არ ჩავთვლით, მაგრამ ეგენი ხო ისედაც არაფერში ითვლება. ხოდა, ეს სათაური პოპულისტური გათვლა რომ არაა, კი მიხვდებით, ვინაც ბლოგს ადევნებთ თვალყურს, ეგეთი ამბიცია რომ არ მაქვს ბლოგთან მიმართებაში მაინც, ესეც იცით. უბრალოდ ბოლო დროს ხშირად მიჩნდება ერთი კითხვა – კოსმოპოლიტი ვარ თუ არა? აი, პასუხის გაცემა მიჭირს, მაგრამ მთელი გულით კი მინდა კოსმოპოლიტობა. ეს სურვილი განსაკუთრებით გამიმძაფრა კუნძულ კალიმნოსზე ერთკვირიანმა ვიზიტმა და ახლავე გეტყვით რაშიცაა საქმე:
მოკლედ ჩემი კავშირი თურქეთ-საბერძნეთის (უკეთესი იქნებოდა მეთქვა საბერძნეთ-საბერძნეთის, მაგრამ ამის ახსნის თავი არ მაქვს ახლა) საზღვართან მდებარე პატარა კუნძულ კალიმნოსთან უკვე ბევრ წელს ითვლის. ოდესღაც ბერძნული ენის შემსწავლელი სტუდენტის სტატუსი მქონდა, დღეს საპატიო ნასტუდენტარის სტატუსს ვატარებ თურმე (რამდენიმე დღის წინ გავიგე) და მიხარია მეც, აბა, რა ვქნა
საქმე იმაშია, რომ სხვათა შორის ძალზედ საპატიო ნასტუდენტარის სტატუსის მქონე ჩემი ქართველი მეგობრის (მეკა აბულაშვილი) ინიციატივით, 2 წლის წინ დაარსდა პროგრამაში 18 წლის განმავლობაში მონაწილე სტუდენტთა ერთგვარი კავშირი „კალიმნიკი ფილია“, რომლის ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა ყოველ წელს ბერძნულ ენასა და კულტურასთან დაკავშირებულ თემებზე სხვადასხვა ქვეყანაში კონფერენციების მოწყობაა. პირველი კონფერენცია 2010-ში კალიმნოსზე ჩატარდა, მეორე 1 თვის წინ გაიმართა სლოვაკეთში, მესამე საქართველოში ვგეგმავთ მომავალ წელს და ვნახოთ რა გამოვა. ხოდა მეც მხვდა წილად პატივი ორივე კონფერენციის მონაწილე ვყოფილიყავი და სულ რაღაც ერთი თვის წინ უნგრეთ-სლოვაკეთი დამელაშქრა.

ახლა ჩემს იქაურ თავგადასავალს არ გიამბობთ, უბრალოდ მეზარება, მაგრამ ერთი სასაცილო და თან ჩემთვის საინტერესო ფაქტი რომ არ გაცნობოთ ნამდვილად არ შემიძლია. მოკლედ კონფერენცია გაიმართა სლოვაკეთში – პრესოვის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ორგანიზებით. ჩვენ წინასწარ გავგზავნეთ მოხსენებებიც და სხვა მონაცემები, რაც მათ სჭირდებოდათ. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ შუაგულ სლოვაკეთში 17 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სხვადასხვა ასაკის, რელიგიური თუ ზნეობრივი შეხედულებების მქონე ადამიანები ერთ ენაზე – ცხადია, ბერძნულად ვსაუბრობდით ერთმანეთში. მერე ბერძნები ხუმრობდნენ, ალექსანდრე მაკედონელის ეპოქა დაბრუნდა, უბრალოდ სხვა ტანსაცმელი გვაცვიაო
იყო ბეეეეეევრი გართობა, ცეკვა-სიმღერა, ბერძნული მოლხენა და ჭამა-სმა. ჭამა-სმაზე გამახსენდა ერთი ფაქტი – ჩვენი საკვები მწირი არ იყო, პირიქით, იყო ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნორმალური ადამიანების ნორმალური დღიური ულუფა, მაგრამ მოგეხსენებათ ბერძნულ-ქართული გასტრონომიის ამბავი და იმასაც მიხვდებით ალბათ, რომ სლოვაკური სუპ-სალათეული დიდი შვება ვერ იქნებოდა ვერც ქართველებისთვის და ვერც ბერძნებისთვის. ხოდა, გაიმართა გამომგზავრების წინა დღეს ბერძნულ-სლოვაკური „ნადიმი“, რომლის მთავარი არსი ბერძნული და სლოვაკური სამზარეულოს წარმოჩენა იყო. უნდა გენახათ ბერძენი ქალბატონების აგონია მთელი დღის განმავლობაში: ჯერ ხომ პრესოვის ერთადერთი სუპერმარკეტიდან მთელი თვის მარაგი საკვები გამოზიდეს, რომ ბერძნული საჭმელები მოემზადებინათ, მერე სასტუმროს უუუუზარმაზარი სამზარეულოს ოკუპირება მოახდინეს, ამას მოჰყვა ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი ბერძნული რიტუალი – საჭმლის მომზადება (მაღ*ირემა) და ბოლოს ყველაზე სასიამოვნო და საჭირო რიტუალი – ამ საჭმელების დაგემოვნება.

სუფრას რომ გადავხედე, გულში გამეცინა: ბერძნულ-სლოვაკური ერთობლივი სუფრა 3 სლოვაკურ კერძსა (რომლის რაოდენობაც ზედმიწევნით შეესაბამებოდა ნადიმის მონაწილეთა რაოდენობას) და ათობით ბერძნულ მამა-პაპურად დახვავებულ საჭმელს ითვლიდა (დარწმუნებული ვარ მომდევნო 10 დღე ნასუფრალით იკვებებოდა მთელი პრესოვი).

დაიწყო ნადიმი, დაიწყეს სლოვაკებმა, შემოთავაზებული საკვებივით მოკრძალებულად შემოგვთავაზეს 3 სიმღერა და 3 ცეკვა, რასაც მოჰყვა ბერძნებისა და ელინიზებული უცხოელების ნამდვილად არამოკრძალებული ტაშ-ფანდური.

ამიტომ მიყვარს ეს ბერძნები რაა, ესმით ცხოვრების არსი ზედმიწევნით სწორად :დ

ხო, სანამ ტაშ-ფანდურამდე მივიდოდით, გვქონდა ექსკურსიები და ცხადია ვიზიტის მთავარი მიზეზი – კონფერენცია. როგორც მოგახსენეთ კონფერენციისთვის წინასწარ გავგზავნეთ ჩვენი მონაცემები და მეც ჩემი – თათია მთვარელიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი-თქო, რასაც მოხსენების სათაური მოჰყვებოდა. პროგრამა რომ ვნახე, ჩემს მხიარულებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგანაც იმ შეჩვენებულებმა გადაწყვიტეს, რომ ივანე ჯავახიშვილი ჩემთან ერთად იღებდა მონაწილეობას კონფერენციაში და ერთობლივ მოხსენებას ვკითხულობდით. ხოდა ბოლო გამომსვლელი ვიყავი. წარმოგიდგენიათ ალბათ დილის 9 საათიდან საღამოს 6-მდე დარბაზში მსხდომი საზოგადოების დაღლილობის ხარისხი: ზოგს ეძინებოდა, ზოგს უკვე ეძინა, ზოგი ის-ის იყო მე-9 სიზმარს ნახულობდა, ზოგიც ფიქრებში გართულიყო. მოკლედ ძველი ბერძნული ენის სწავლების მეთოდოლოგიის განხილვა ნამდვილად არ იყო მათი ნატვრა-ოცნება-სიზმრების საგანი. დარბაზში მყოფი საზოგადოებიდან მხოლოდ ორი ადამიანი ვიყავით ფხიზლად – მე, ვისაც მოხსენება უნდა წამეკითხა და ბატონი კეკის, სხდომის თავმჯდომარე, ვისაც ჩემი სახელი უნდა გამოეცხადებინა.
(κύριος Κέκης – საოცარი ადამიანი)
ხოდა აცხადებს ბატონი კეკის მოხსენების სათაურს და ამბობს: ჯერ თათია მთვარელიძე გვესაუბრება და მერე ივანე ჯავახიშვილიო. ხო მაგარია???? მეც მეტი რა მინდოდა, გადავწყვიტე მიძინებული საზოგადოების გამოფხიზლება და გავედი თუ არა გამოვაცხადე – ახლა ყველამ მომისმინოს-თქო, ერთი განცხადება მაქვს და გაიღვიძეთ-თქო.
უცებ ცქვიტა ყველამ ყურები. მეთქი: როგორც პროგრამიდან ჩანს, ჩემთან ერთად ბატონი ივანე უნდა ყოფილიყო-თქო, მაგრამ სამწუხაროდ პრესოვში ჩამოსვლა ვერ მოახერხა, რადგან იმ ადგილსა, სადაც 70 წლის წინ გადასახლდა, და პრესოვს შორის სატრანსპორტო მიმოსვლა ჯერ-ჯერობით არ არსებობს-თქო. მარტო იქით წასვლაა შესაძლებელი, აი დაბრუნება კი ძალზე ჭირს-თქო. აი, ბატონი ივანე ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით და მოკითხვას გითვლით სამოთხდან-თქო. ნამდვილად პოპულისტური განცხადება გამომივიდა ღმერთმანი, იმ დღეს მივხვდი, რომ ბერძენ ორატორთა სიტყვების კითხვას უკვალოდ არ ჩაუვლია ჩემს ცხოვრებაში. ასეთი გამოცოცხლებულ-გახალისებული აუდიტორია მე სხვაგან არ მინახავს. ხოდა კიდევ ერთ ორატორულ-პოპულისტურ ხერხს მივმართე, მეთქი – ვიცი დაღლილები ხართ და თუ გინდათ სათაურს წაგიკითხავთ, რომ მიხვდეთ მოხსენების არსს და ამით მოვრჩეთ-თქო. აი, ასე ძალით გამოვიწვიეთ მე და ივანე ჯავახიშვილმა ინტერესი ჩემი მოხსენების მიმართ, თორე აბა მე ხო ისედაც ვიცოდი რაზედაც უნდა მელაპარაკა.

ახლა ამას რომ კითხულობთ, ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ ვის ნაწერს კითხულობთ! გაითვალისწინეთ და დამაფასეთ – ერთადერთი ცოცხალი არსება დედამიწის ზურგზე, ვისაც აქვს ოფიციალური დოკუმენტი, რომ ივანე ჯავახიშვილთან ერთად წაიკითხა მოხსენება პრესოვში :დ

ეს პრესოვის ამბები. ახლა კოსმოპოლიტურ იდეებს რაც შეეხება: მე მაინც მგონია, რომ ჩვენ ყველანი კოსმოპოლიტები ვართ. ვინც ჯერ არ ხართ, ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი ქვეყნის იქით ფეხი არ დაგიდგამთ ჯერჯერობით, ან საკმარისი დრო არ გაგიტარებიათ უცხოელთა გარემოცვაში, რომ ამაში დარწმუნებულიყავით. კალიმნოსზე ჩემი ვიზიტი და 25 უცხოელ ახალგაზრდასთან 1 კვირიანი ურთიერთობა უცხოელთა გარემოცვაში მოხვედრის პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის ჩემს ცხოვრებაში. ჩემი 27 წლოვანი სიცოცხლის განმავლობაში მრავალი ქვეყნის მრავალი წარმომადგენელი შემხვედრია, ბევრთან მისაუბრია, დავმეგობრებივარ, დავშორებივარ, ისევ შევხვედრივარ და ა.შ. რამდენიმე მათგანი დღემდე ჩემს საუკეთესო მეგობრად რჩება. მე მიყვარს უცხოელები, ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ იმათაც ვუყვარვარ. ალბათ იმათაც იმიტომ ვუყვარვარ, რომ მეც მიყვარს ისინი. კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ მომწონს უცხო კულტურის გაცნობა, კულტურას კი ადამიანებისგან ვეცნობი და საერთოდაც მე ძალიან მიყვარს ადამიანები – ყველა ზომის, ყველა ჯიშის, ყველა ფერის, ყველანაირი – ლამაზიც და უშნოც, მორწმუნეც და ურწმუნოც, კეთილიც და ბოროტი ადამიანების არსებობის არ მჯერა, მაგრამ თუ მაინც არსებობენ, ისინიც მიყვარს. ხოდა იმას ვამბობდი, რომ ყოველთვის, როცა მათთან ვურთიერთობ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალ-ღონით ვცდილობ ჩვენს შორის ძირეული განსხვავებების აღმოჩენას, მიზანს ვერასდროს ვაღწევ, რადგან ის ზედაპირული სხვაობები რაც ჩემსა (ანუ ქართველსა) და ნებისმიერ სხვა უცხოელს შორის არსებობს, თავისუფლად შეიძლება არსებობდეს ჩემსა და ნებისმიერ სხვა ქართველს შორის. ამიტომაც ღრმად მწამს, რომ ქვეყნებს, ხალხებს და მათ კულტურებს შორის განსხვავება ძალიან პირობითია, რადგან ის რაც მთავარ განმასხვავებელ ნიშნადაა ხოლმე აღიარებული – ენა და ამ ენაზე მოსაუბრე ხალხის ტრადიციები (იქნება ეს წეს-ჩვეულებები თუ შემოქმედებითი ტრადიცია) – ჩემთვის არაა არგუმენტი. ენაცა და ტრადიციაც ჩემის ღრმა რწმენით მხოლოდ თვითგამოხატვის ფორმებია და მეტი არაფერი. და თუ ოდესმე მივხვდები, რომ ინდურ ენაზე უკეთ ვახერხებ თვითგამოხატვას, მაშინ ჩემსა და ნებისმიერ სხვა ქართველს შორისაც იარსებებს ენობრივი განსხვავება. ტრადიციებს რაც შეეხება, იმდენი ისეთი ტრადიცია მაქვს, რაც სხვას არ აქვს, რომ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, და დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური ტრადიციები. ამიტომ ძალიან მაღიზიანებს ხოლმე ზეპათეტიკური ქართული გამონათქვამები, რომ ჩვენნაირი ხალხი სხვაგან არსად არსებობს. მაპატიეთ მაგრამ მე უკეთესებიც მინახავს, თანაც ბევრად უკეთესები. უარესებიც მინახავს, ბევრად უარესები. ისეთი ქართველებიც შემხვედრია, ვისზედაც ვფიქრობ, რომ მასზე უკეთესი ადამიანი არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ისეთებიც მინახავს, რომ მითქვამს ამაზე საშინელი კაცი სად შეიძლება დადიოდეს-თქო… ხოდა მაღიზიანებს ეს ქართული შოვინიზმი, ბერძნული შოვინიზმიც მაღიზიანებს და საერთოდ მძულს შოვინიზმი!!!
ახლა საქმე :დ
კალიმნოსის პროგრამას, გარდა ბერძნული ენისა და კულტურის პოპულარიზაციისა, კიდევ ერთი მიზანი აქვს – სხვა ქვეყნების კულტურათა წარმოჩენა და უკეთ გაცნობა. ამ პროცესის მწვერვალი როგორც წესი, კუნძულიდან გამომგზავრების წინა საღამოა ხოლმე, როდესაც ბავშვები ეროვნულ ცეკვებსა და სიმღერებს წარმოაჩენენ და ეროვნულ კერძებს ამზადებენ. ეს უკანასკნელი ამ პროგრამის საუკეთესო ნაწილად მიმაჩნდა ყოველთვის :დ აგერ ახლა გვერდით მიზის ერთი რუმინელი გოგო, რომელმაც თავის მეგობართან ერთად რუმინული ეროვნული კერძი „მამალიგა“ და მამამისის მიერ გამოხდილი ეროვნული სასმელი „ცუიკა“ გაგვასინჯა. ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოვაჩინე რომ რუმინელებმა გასასინჯად მეგრული ელარჯი და ჩვენი საამაყო ჭაჭა შემომთავაზეს.


როგორია შუა საბერძნეთში რუმინული ეროვნული კერძის სახელით ქართული ელარჯ-ჭაჭის დაგემოვნება?.. ბევრი ვიძახე ქართველებს მოპარეთ-თქო, ბოშებმა ჩამოიტანეს რუმინეთში საქართველოდან-თქო, მაგრამ ვერაფერს გავხდი, რადგან როგორც მერე გავიგე, ჩვენი საამაყო ელარჯი ბერძნულ
სამარზეულოშიც არსებულა, აი იტალიური გრაპპა კი მანამდეც მქონდა გასინჯული, რომელიც სხვა არაფერია თუარა ჭაჭის ასლი. მერე მაშაყირებდნენ, აბა კიდე რომელმა ერმა რა მოპარა საქართველოსო… ხო, ამ საკითხზე ხშირად მაშაყირებენ ხოლმე, რადგან როგორც ყველა „ნამდვილი ქართველი“ მთელი გულით ვირწმუნები რომ ქართული ენა ყველაზე ლამაზია, ყველაზე ძველია, საქართველო ყველაზე მაგარი ქვეყანაა, ქართული სამზარეულო ყველაზე გემრიელია, ქართული წეს-ჩვეულებები ყველაზე ყველაზე საინტერესოა და ასე დაუსრულებლად :დ არადა შოვინიზმი მძულს-თქო ვამბობ
აგე, მეორე მხარეს მიმშვენებს თავ-ყელ-ფეხ შეფუთული ეგვიპტელი გოგო, რომელმაც 2 დღის წინ ერთი ეგვიპტური ტრადიცია გაგვაცნო – ბავშვი რომ იბადება რას აკეთებენ ეგვიპტელები. რაღატომღაც ეს ტრადიციაც ძალიან მეცნო. აქვე სერბები საუბრობენ ერთმანეთში და ყურს თუ კარგად მივუგდებ, ზედმიწევნით სწორად მესმის რა თემაზეც საუბრობენ. უკრაინელებზე, რუსებსა და იტალიელებზე აღარაფერს ვამბობ… მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ძირეულ განსხვავებებს ვერა, მაგრამ არსებით მსგავსებებს კი ძალიან ბევრს ვპოულობ სხვადასხვა კულტურათა წარმომადგენლებსა და ჩემს თავს შორის. მერე რა, რომ სხვადასხვა ენა დაგვებედა, რაზედაც ეპითეტი „მშობლიური“ ბევრს მეტყველებს, მერე რა რომ სხვადასხვაგვარად ვლოცულობთ ან არ ვლოცულობთ, ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ ადამიანის შინაგანი სამყაროს თვითგამოხატვის სხვადასხვა ფორმებია, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში გამოცდილებად იქცნენ და მეტი არაფერი.
მე კი გინდა მოღალატედ ჩამთვალეთ, გინდა არაპატრიოტული აზროვნება დამაბრალეთ, სადაც არ უნდა წავიდე, უცხოდ არსად ვგრძნობ თავს, უმრავლეს შემთხვევაში არაფერი მაკვირვებს, იმიტომ რომ ის რასაც სხვა ქვეყანაში ვხვდები, ჩემთვის საქართველოდან უკვე ნაცნობია. ხოდა მიჩნდება ლოგიკური კითხვა – ნეტა კოსმოპოლიტი ხომ არა ვარ-თქო, ნეტა ყველანი კოსმოპოლიტები ხომ არ ვართ-თქო. თუკი ერთნაირად ვაზროვნებთ, ერთმანეთის გადასარევად გვესმის და ერთნაირები ვართ, რომელ საზღვრებსა და შეზღუდვებზე ვსაუბრობთ? რომელ განსაკუთრებულობაზე ვსაუბრობთ, როცა ზუსტად ჩვენს საამაყო ქართულ ტრადიციებს სხვა ქვეყნების ტრადიციებში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით?
შეგიძლიათ ანათემას გადამცეთ, მაგრამ მე ძალიან მინდა კოსმოპოლიტობა, ანუ ყველა კულტურასთან ზიარება და გაზიარება. ეს მომწონს და ასე უფრო საინტერესო მგონია ცხოვრება. ბოლოსდაბოლოს დედამიწა ხომ არც ისე დიდია და ჩვენც ხომ არც ისე პატარები ვართ, როგორებადაც ვჩანვართ?!
ახლა ათენში ვბრუნდები და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ერთი სახლიდან მეორეში ვბრუნდებოდე, ზუსტად ისეთი, თბილისიდან ხაშურში ჩასულს რომ მეუფლება ხოლმე და პირიქით (მარტო ერთი განსხვავებაა, ჩემი ოჯახის წევრები არ დამხვდებიან ათენში, მაგრამ იქაც ხომ მყავს პატარა ოჯახი
ათენში ჩემს (დომნას) სახლში ორი დღით უნდა ვუმასპინძლო ტუნისელ და ეგვიპტელ გოგოებს, ერთი ღამით – იტალიელ, რუმინელ და უკრაინელ ბავშვებს.
ვნახოთ აბა, იქნებ მათმა სტუმრობამ შემაცვლევინოს აზრი და გადამაფიქრებინოს კოსმოპოლიტობა :დ ეს მომავლის ამბავია, ახლა კი – კოსმოპოლიტი ბერძნული სიტყვაა (κοσμοπολίτης) და ქართულად მსოფლიოს მოქალაქეს ნიშნავს.
გაუმარჯოს ჩემს სამშობლოს – ჩემს დედამიწას!!! :პ

პ.ს. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ სრულებით არ მახსოვდა დიდი ვაჟას წერილი “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”, რომელიც მამაჩემმა შემახსენა წაიკითხეო, მას შემდეგ რაც გულწრფელად ვიმართლე თავი კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება-თქო, მე ჩემი ქვეყნის პატრიოტიც ვარ და სხვების ქვეყნებისაც და სწორედ ეს მგონია კოსმოპოლიტიზმი-თქო. აღმოჩნდა, რომ ვაჟას სიტყვები გამიმეორებია “ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია” – ასე იწყება ვაჟას წერილი. გირჩევთ წაიკითხოთ!
41.990021
43.600670