სამი ტე-ს მითი ათასი პორტიკუსის ქალაქში

Imageაი, ხომ ხდება ხოლმე, რომ როცა წვიმს გარეთ გასვლა არ გინდა, უფრო სწორად, როცა ისეთნაირად წვიმს, რომ ცხოვრება გეზარება, მაშინ ყველაფერი გეზარება – მათ შორის, გარეთ გასვლაც. ეს განსაკუთრებით ხშირად იქ ხდება, სადაც მე ვცხოვრობ.

თუმცა არის ერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც სულ წვიმს, შემოდგომიდან ზაფხულამდე – თითქმის განუწყვეტლივ, თან რაღაცნაირად წვიმს – არაეფექტურად, არარომანტიულად, უკომპლექსოდ, ამიტომაც ამ წვიმას ვერც კი ამჩნევ, ის კიარა წვიმაც ვერ გამჩნევს, ისე თავისთვის მოდის და სულ არ ადარდებს ის ამბავი, რომ მისი გამოჩენა არავის აშინებს, იმიტომ რომ ეს ათასი პორტიკუსის ქალაქია, სადაც კვირეების განმავლობაში გაბმული წვიმების მიუხედავად, ძალიანაც რომ მოინდომო, შეიძლება თმის ღერის დასველებაც კი ვერ შეძლო.

ბოლონიაში დღეს მთელი დღეა წვიმს. მე და მაკო კი მთელი დღეა დავდივართ – ბიბლიოთეკიდან მეორე ბიბლიოთეკაში, მეორე ბიბლიოთეკიდან მესამეში, იმ მესამედან სადგურში, სადგურიდან ბარში, ბარიდან პიაცა ვერდიზე და ა.შ. მაგრამ ვითომც არაფერი, წვიმის ნასახიც კი არ გვეტყობა.

ბოლონიაში უწყინარი წვიმები იცის, ათასი პორტიკუსის ქალაქს სხვაგვარად არც ეკადრება.

ეს ისე, შესავლად, უწყინარწვიმიან განწყობაზე დასაყენებლად, გაგრძელებად კი ერთი საიდუმლო რომ არ გავამხილო, არ იქნება მართებული ჩემი მხრიდან:

ორი დღის წინ, როცა გუილელმო მარკონის აეროპორტიდან (მერე რა რომ დღემდე არ ვიცი ვინ იყო ეს გუილელმო მარკონი), უზარმაზარი ჩანთით და უსახლკარო უცხოელის განწყობით უნივერსიტეტის მიმართულებით დავადექით გზას, მივხვდი, რომ ქართულ ენას და მგონი სხვა ენებსაც ერთი სიტყვა აკლია, სიტყვა, რომელიც ისეთ რამეს აღნიშნავს, რაც მშობლიურია, თუმცა შენს მშობლებთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ იმავე განწყობას გამოხატავს რასაც სიტყვა მშობლიური. ბოლონია ეგეთი ქალაქია, არა უბრალოდ ახლობელი და უბრალოდ ჩემეული, არამედ მშობლიურად ახლობელი და მშობლიურად ჩემეული. რომელიმე ადგილთან დაკავშირებით ამის მიხვედრას ბევრი არაფერი სჭირდება – მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული ხნის მერე იმ ადგილას დაბრუნება. ხოდა, დაბრუნებული, როცა ვეღარ ხვდები როდის წახვედი ამ ადგილიდან, როცა 10 თვიანი განშორება ერთდღიან განშორებად გეჩვენება და გგონია, რომ სინამდვილეში არსადაც არ წასულხარ, მაშინ ხვდები რას ნიშნავს მშობლიურად ახლობელი ადგილი, რას ნიშნავს დაბრუნდე იქ, სადაც არ გაქვს სახლი, არ გყავს ნათესავები, მაგრამ თავს შინ გრძნობ და ვია პეტრონიზე მოხეტიალე თითოეული ადამიანს ნათესაურ-მეგობრულ-ახლობლური აღტაცებით შეჰყურებ.

უცხო ქალაქში ჩასვლისას წესით ხომ ცდილობ ამ ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობის ნახვა მოასწრო, რაც შეიძლება მეტი ნახო, ფოტოები გადაიღო – სამახსოვროდ, ვინ იცის, იქნებ აქ არც აღარასდროს მოხვდე მეორედ. ჩვეულებრივი ამბავია, უცხო ქალაქებში ასე ვიქცევი ყოველთვის. ოღონდ უცხო ქალაქებში. ბოლონიაში – არა! შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს თუ ვეტყვი, რომ ერთი წელი ვიცხოვრე იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმის გვერდით, აი, ზუსტად გვერდითა შესასვლელში ჩემი სახლი იყო, ბოლონიის პინაკოთეკას ვგულისხმობ თავისი რაფაელებით, ტიციანებით, ტინტორეტოებით და ა.შ., მაგრამ შიგნით კი არ შევსულვარ, არც აზინელის კოშკზე ავსულვარ (ვაღიარებ აქ ცრურწმენამაც ითამაშა დიიიდი როლი – აზინელის კოშკზე გამოცდებამდე ასულს გამოცდებში ჩაჭრას რომ გიქადის, იმ ცრურწმენამ), არც ბოლონიის საყოველთაოდ ცნობილ ოპერაში შევსულვარ (რომელიც წარმოდგენების დროს სიურეალიზმის საუკეთესო ნიმუშად შეიძლება გამოდგეს ერთმანეთს გვერდიგვერდ ,განსხვავებული მიზნებით შეკრებილი ელიტარული და ჰიპური საზოგადოების კონტრასტული ხედით) იმიტომ რომ აქ ისევ უნდა დავბრუნებულიყავი, აუცილებლად!

Image

ათსაუკუნოვანი უნივერსი-ტეტის კედლებში გატარებული ბოლონიური დღეები,  ათას-წლოვან პალაცოებში მოწყობილ ანდერგრაუნდ-ბარებში გათენე-ბული ღამეები, ერთი შეხედვით საეჭვო გამომეტყველების ტი-პების გარემოცვაში, პიაცებზე გამართული პოეზიისა თუ ცოცხალი მუსიკის საღამოები, ყოველდილით ველოსიპედზე ამხედრებული, შენთვის კერპადქცეული პროფესორის მეგობრული სალამი, მერე გამოცდების მოლოდინში ყოველივე ზემოთქმულის დავიწყება და მხოლოდღა ეკლესიის ზარის ხმით გამორკვეული დრო, ბოლოს კი – ნანერვიულებზე, პიაცა სანტო სტეფანოზე ყველა არსებულ და არარსებულ ენაზე დილამდე ატეხილი „კაკაფონია“ და კიდევ ათასი რამ, რისი გახსენება უბრალოდ გენანება, რადგან იცი, რომ ის უკვე წარსულია, ერთადერთ შეგრძნებას გიტოვებს ადამიანს – აქ, ამ ქალაქში გატარებული სტუდენტური ცხოვრება არ უნდა მთავრდებოდეს, უსამართლობაა ამ ყველაფრის წარსულისთვის მიბარება.

მაგრამ ესეც იმ უსამართლობათა რიგს განეკუთვნება, რომლის გამოსწორებაც ალბათ აღემატება ადამიანის ძალებს, ყველაფერი მთავრდებაო – ხომ ამბობენ. თუმცა კი მთლად ყველაფერი არამგონია მთავრდებოდეს, სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა უსახლკარო უცხოელს უცხო ქალაქში ისე ეგრძნო თავი, როგორც საკუთარ სახლში, შეუძლებელი იქნებოდა პიაცა ვერდიზე დილით დატრიალებული კაპუჩინოიან-გაზაფხულისწვიმიან-წინაღამისშფოთიან სურნელს სახლში ყოფნისა და სიმშვიდის ისეთი შეგრძნება აღეძრა, ბავშვობიდან გამოყოლილ სურნელებს რომ ახლავთ ხოლმე.Image

კოშკები კი ბატონო, ტორტელინებისა და დიდმკერდიანი ქალებისა რა მოგახსენოთ, ამ მიმართულებით კვლევის წარმოებისთვის ნამდვილად არ შემიწუხებია თავი, მაგრამ სამი ტე კი დღემდე რჩება მითად, რომლის განმარტებაც ზუსტად იმდენნაირი შეიძლება იყოს, რამდენნაირი ადამიანიც მოადგება ბოლონიის „პორტებს“. ადამიანთა ნაკლებობას კი ეს ქალაქი ნამდვილად არ უჩივის, ისევე როგორც წვიმისას, რომელიც ახლაც ისე, თავისთვის, უკომპლექსოდ და უწყინარად ეფინება წმინდა პეტრონიუსის ქალაქის ხმაურიან ღამეს.

Save Draft

Posted in ბერძნული დღიურები | Leave a comment

კრიზისი ბერძნულად / Crisis in Greek Way / Κρίση αλά Ελληνικά

მოუსმინე

Posted in ბერძნული დღიურები | Leave a comment

მედეადან…

ძველი დრო, ათენი, მონასტირაკი, რომელიღაც კაფე

– ჩვენი ქალები სულელები არიან, ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან ვინ უფრო მეტად შეილესავს სახეს სეფორაში 5 საათიან რიგში დგომის შედეგად ნაყიდი ძვირადღირებული ტონალური კრემებით, ვინ უფრო მაღალ ქუსლებზე შეხტება, ვინ დაასწრებს და პირველი გამოჩნდება პარასკევს საღამოს გამართულ წვეულებაზე მოდური ბრენდების კაბებით და ვინ ვის დაასწრებს რომელიმე იდიოტი ბერძენის შებმას.. არა, არც კაცები ვართ უკეთესები, მაგრამ მაგათ მაინც ვჯობივართ ასე მგონია.. ამიტომაც ბოლომდე მაინც ვერ ვამტყუნებ იმ კაცებს პლატონის ფილოსოფიას “ლაივში” რომ მისდევენ და ქალებზე მეტად მამრობითი სქესის წარმომადგენლები იზიდავთ…
– კარგი რა, ნიკო, შენ ფიქრობ ქართველი ქალები მართლა ბერძნებზე უკეთესები ვართ?
– ცხადია, ამას კამათიც არ სჭირდება!
– რასაც ახლა ამბობ, ეგ მე მაწყობს პრინციპში, მაგრამ მგონი მაინც აჭარბებ. აბა, ბერძენ კაცებზე რაღას იტყვი? ქართველ ქალებში დიდი გასავალი გაქვთ…
– ხოოო, ბერძენი კაცები ყველას ვჯობივართ და იმიტომ, – ამბობს კმაყოფილებით აღსავსე ნიკო და მეტი დამაჯერებლობისთვის კიდევ ერთ ჭიქა ლიმონიან არაყს უკვეთავს, – აი, შეხედე იმ ბიჭებს, როგორ ეხვევიან ერთმანეთს და ძმობას ეფიცებიან, ხვალ შეიძლება ერთმანეთი ვეღარც კი იცნონ, მაგრამ დღეს ხომ ძმები არიან! ასეთი რამე სადმე გინახავს?
– როგორ არ მინახავს, ქართველებს მაგით გაგვაკვირვებ? – იწყინა ნიკოს თანამოსაუბრემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ იმ იდეით შეპყრობილი ეწვია საბერძნეთს, რომ მთლად ოლიმპიელ ღმერთებს თუ არა, ცოცხალ ჰომეროსებს, პლატონებსა და არისტოტელეებს შეხვდებოდა და ახლა იმის გარკვევას ცდილობდა მის წინ მჯდომი ფრანგული ენის ბერძენი მასწავლებელი ნიკოსი რომელს უფრო ჰგავდა – პლატონს, არისტოტელესა თუ ჰომეროსს… – შენ გეტყობა ქართულ ნადიმზე არასოდეს მოხვედრილხარ, აი იქ ნახავ მეგობრობის გამოვლინების ყოველგვარ ხერხს ქართველ მამაკაცთა შორის – ყანწების სმით დაწყებული, კოცნა-პროშნით დამთავრებული…
– არა, არა, მართალი ხარ. ისე ძალიან კი ვგავართ ხომ ერთმანეთს?! თითქოს სულ ერთმანეთს მიველტვით, ნეტავ საიდან იწყება ეს ყველაფერი?..
– მედეადან, ნიკო, მედეადან!

Posted in ბერძნული დღიურები | Leave a comment

სიყვარული starbucks-ში

მე ჩემს საუნივერსიტეტო ნაშრომს ვწერ. შემოდის ჩემი ნაცნობი ბერძენი ბაბუ, 86 წლის, უსაყვარლესი, რომელიც სტარბაქსის ყოველდღიური სტუმარია და ჩემი შოკოლადებით მომმარაგებელი. ბაბუს ყურთ არ ესმის, ამიტომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, მხოლოდ უნდა უსმინო. ბაბუ ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობს, რის გამოც, შემოდგამს თუ არა ფეხს სტარბაქსში, უკვე ყველამ იცის, რომ ბაბუ მოვიდა. სტარბაქსი ის ადგილია, სადაც ბაბუ გაზეთების კითხვითა და კაპუჩინოს სმით იქცევს ხოლმე თავს, დროდადრო გვერდით მსხდომებს ესაუბრება და თავის ამბებს იხსენებს. წინა მაგიდასთან ერთი ბებო ზის, რომელიც აქამდეც არაერთგზის შემიმჩნევია სტარბაქსში. როგორც წესი, ზის და კითხულობს ხოლმე. სიმპათიური ბებოა, ყოველთვის ლამაზი შარფი ამშვენებს. როგორც კი შემოსასვლელიდან ბაბუს ხმა მოისმა, ბებოს სახე უცნაურად გაუნათდა და რაღაც გაუგებარ ენაზე რაღაც გაუგებარი თქვა. გამიკვირდა. ბებოს, როგორც ჩანს, სიარული უჭირს, იქნება ასე 77-78 წლისა. სანამ ბაბუ შემოვიდოდეს, ბებო უცნაურად სწორდება სკამზე და მექმნება შთაბეჭდილება, რომ იპრანჭებასავით. ბაბუ შემოდის, ბებოს კიდევ უფრო მეტად უნათდება სახე, ახლა უფრო ხმამაღლა იწყებს რაღაც უცნაურ ენაზე საუბარს და პირდაპირ ბაბუს მიმართავს. ბაბუს არაფერი ესმის, იმიტომ რომ ყურთ აკლია. ბაბუ ჯდება, ჩვეულებისამებრ იწყებს გაზეთის კითხვას და მაძლევს შოკოლადს, თან მოაყოლებს, თუ შეჭამ, არ ვიცი, შეიძლება კიდევ ერთი აღმომაჩნდეს შენთვისო. მე მეცინება. ბებო აღფრთოვანებული თვალებით შემოგვყურებს გვერდითა მაგიდიდან, ბოლოს გული აღარ უძლებს, მოდის ბაბუსთან,  ჯერ მხარზე უსვამს ხელს და საოცრად თბილი ხმით რაღაცას ესაუბრება თავის ენაზე, ბაბუ გაოცებული შეჰყურებს, ბებო ახლა თავზე ეფერება და მონოლოგს აგრძელებს.

 მე და ჩემი „თანამაგიდელი“ სიცილით ვიხრჩობით, ცოტაც და გული წამივა. ბაბუს არაფერი ესმის, რას ამბობს ბებო (ჩვენც არ გვესმის), მაგრამ ზრდილობის გულისთვის პასუხობს დროდადრო „ნე“-ს („დიახ“). ბებომ გული იჯერა და თავის ადგილს დაუბრუნდა. არ ვიცი რაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ჩემი თანამაგიდელი ბაბუს ჩუმად ეუბნება: «σε θέλει» (უნდიხარ). ბაბუ მხრებს იჩეჩავს და ამბობს, რომ ლამის 180 წლისაა და აღარაფერში გამოსადეგი. ბებო ისევ გვერდით მაგიდასთან ზის, ისევ რაღაცეებს ესაუბრება თავის ენაზე ბაბუს და აღფრთოვანებული სახით შესცქერის, ბაბუ ისევ დარცხვენილი ზის და გაზეთს ჩაჰკირკიტებს. მე ისევ მეცინება და ბებოს პრანჭიაობის შემხედვარე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ქალისთვის ასაკი არ არსებობს. კაცებისა კი რა მოგახსენოთ 🙂

Posted in ბერძნული დღიურები | Leave a comment

აქა ამბავი დიდ სპორტში ლამის გადანაცვლებისა

არ ვიცი, რატომ ხდება ასე, მაგრამ ერთი რამ უნდა ვაღიარო: ჩემი მოგზაურობა მართლაც მოულოდნელობებითაა სავსე, ყოველი ფეხის ნაბიჯზე რაღაც უცნაურობას ვაწყდები  და სადაცაა ჯადოების არსებობას დავიჯერებ.

ყველაფრის წერას ცხადია, ვერ ვახერხებ, საწერ-საკითხავი აქ სხვა მიმართულებით უფრო მეტი უნდა მქონდეს წესით, მაგრამ იმდენი რამ მოხდა ამ ცხრა დღეში, რომ მგონი ერთ დისერტაციას ეს ამბები ეყოფა.

მოკლედ, ახლა ჩემს ერთ საინტერესო თავგადასავალს მოგიყვებით და იმედია, ჩემგან განსხვავებით, თქვენ ამ ამბავზე იხალისებთ.

ათენში ჩასულმა, დიდის ამბით გადავწყვიტე ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი გავმხდარიყავი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ე.წ. “გიმნასტირიოს”, ანუ ჩვენებურად სავარჯიშო დარბაზის ძებნა დავიწყე. ბევრი ძებნის შემდეგ, სუპერმარკეტში მიმავალი სრულიად შემთხვევით წავაწყდი ჯადოსნურ წარწერას, რომელიც გამვლელებს ამცნობდა, რომ აქ მდებარეობს “გიმნასტირიო”. წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, როცა თითქმის კარის მეზობლად აღმოვაჩინე ის, რასაც რამდენიმე დღე დაუღალავად ვეძებდი და ჯერ ვერ მეპოვნა.

სასწრაფოდ შევიმოსე სათანადო სამოსით და ტრენაჟორებისკენ გავსწიე. დარბაზი მართლაც მშვენიერი აღმოჩნდა, კედლები სავსე იყო სხვადასხვა ჯილდოებით, სიგელებით, მედლებით და დაკუნთული ახალგაზრდა მამაკაცის გამოსახულებებით.  მივხვდი, რომ საქმე პროფესიონალ ტანმოვარჯიშეებთან მქონდა და უფრო მეტი სიხარული ვიგრძენი, როცა დარბაზის მენეჯერმა ქალბატონმა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ერთთვიანი სავარჯიშო პროგრამა შემომთავაზა. თან ისიც დასძინა, რომ მისი შვილი და რძალი ტრენერობას გამიწევდნენ და ვარჯიშის დაწყების დროც დამითქვა. ბედნიერებისგან ფრენა-ფრენით გავვარდი სახლში და დავიწყე ცქმუტვა, რამაც 3 საათს გასტანა, სანამ დათქმული დრო დადგებოდა და მე ისევ “გიმნასტირიოს” მივადგებოდი.

მივედი. დამხვდა ახალგაზრდა ქალბატონი (მივხვდი რომ ეს რძალი იყო), რომელმაც ერთი ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მითხრა, რომ ამ ტანსაცმლით ვარჯიშის უფლებას ვერ მომცემდა, მაინცდამაინც სპორტული შარვალი და ე.წ. ბოტასი უნდა მცმოდა (ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად დავსძენ, რომ არც კაბა მემოსა, არც ქვედაბოლო ან რაიმე მსგავსი, ჩვეულებრივი შარვალი და “ბატინკი” მეცვა). ჩემი ჩაცმულობა გამოუცდელობას დავაბრალე და მყისვე ახლომდებარე სპორტულ მაღაზიაში გავქანდი სპორტული ტანსაცმლის საყიდლად. ბედი არ გინდა? ეს ბერძნები ხომ მეტად უცნაური ხალხია, 3 საათის შემდეგ არცერთი მაღაზია ღია არ არის კვირის დღეებში, ხოდა სხვა რა დამრჩენოდა, ღია რაც დამხვდა იქ შევედი – თავაზიანი ჩინელების მაღაზიაში. ამ ჩინელებს ხომ ვერსად აცდები რა…

ჩინურ სამოსში გამოწყობილი კვლავ “გიმნასტირიოს” მივადექი. ახლა ქმარი დამხვდა. რაღაცნაირად მეცნო. მერე ვარჯიშის დროს მივხვდი, რომ ფოტოებზე ასახული დაკუნთული ტანმოვარჯიშე ახალგაზრდა სწორედ ეს კაცი იყო. ტანმოვარჯიშემ რამდენიმე შეკითხვა დამისვა, რაც ძირითადად ჩემს სპორტულ წარსულს ეხებოდა, რაზედაც ცხადია ბევრი ვერაფერი ვუპასუხე და ბოლოს მკითხა – რომელ პროგრამას გაივლიო. შემოთავაზებული პროგრამებიდან ავირჩიე ჩვეულებრივი პროგრამა (რაღატომრაც ვიფიქრე, რომ მსუბუქ პროგრამას ისევ ჩვეულებრივი სჯობდა, ალბათ უფრო ეფექტური იქნებოდა. თუმცა რომ გეკითხათ რა იგულისხმება ჩვეულებრივ პროგრამაში, ვერაფერს გიპასუხებდით, რადგანაც ეს კითხვა არც მე დამისვამს ჩემი ტანმოვარჯიშე ტრენერისათვის).

დავიწყეთ:

ბილიკზე 20 წუთი სირბილი, რასაც რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ჩემი მხრიდან დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. ბილიკი მოდიოდა და მეც საპირისპირო მხარეს მივდიოდი. ცოტათი შევშინდი, როცა ტრენერმა სიჩქარეს უმატა, მაგრამ ესეც დავძლიე ისე, რომ რაიმე მარცხი არ მომსვლია. ბილიკის შემდეგ გადავინაცვლეთ მთავარზე – კუნთების სავარჯიშო მანქანებზე. არ ვიცი, როგორ უნდა გადმოვცე ჩემი მდგომარეობა, როცა უბედური სახით ვეზიდებოდი ე.წ. შტანგებს. ის ჩემი შეჩვენებული ტრენერი კი უფრო და უფრო მეტ სიმძიმეს აძლევდა. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, “გიმნასტირიოდან”გამოსულს კუნთებმა ისეთი აჯანყება მომიწყვეს, რომ ვიფიქრე სადაცაა ნაწილებად დავიშლები-თქო. ასე გაგრძელდა 4 დღის განმავლობაში. მე მივდიოდი, ჩემი ტრენერი კი გულდასმით მავარჯიშებდა და უმატებდა და უმატებდა ასაწევ-დასაწევ სიმძიმეებს. უბედურება ისაა, რომ შეკითხვას ვერ ვუსვამდი, ერთხელ ვცადე მეკითხა რა საჭირო იყო ეს შტანგა-მანგები, მაგრამ ისე მკაცრად მიპასუხა “ეტსი პრეპი”-ო (ასეა საჭიროო), რომ იქვე გავკმინდე ხმა და კრინტიც აღარ დამიძრავს მას მერე. ჩემი ყოველი ვარჯიშის დასრულება და კუნთების ამბოხის დაწყება ერთი იყო, დაშლილი მივდიოდი სახლში და ამ ამბავმა 4 დღეს ისე გასტანა, ვერც ვერავის ვეუბნებოდი, მეგონა ეს ჩემი გაუვარჯიშებელი სხეულის ბრალი იყო. თანაც მესამე დღეს უკვე ძალ-ღონის მოზღვავება ვიგრძენი და ძალიან შევწუხდი, როცა ამის შედეგი ჩემს მკლავებზე საკუთარი თვალით ვიხილე. ესღა მაკლდა 😦

აი, დღეს კი აეხადა ფარდა საიდუმლოებას: ჩემმა ტანმოვარჯიშე ტრენერმა რატომ გადაწყვიტა ჩემგან ტანმოვარჯიშე გამოეძერწა, მე არ ვიცი, ალბათ ვერც ვერასოდეს მივხვდები, მით უფრო ვერ ვკითხავ, თქვენ არ იცით როგორი მკაცრი ტრენერი მყავს 🙂 ფაქტი ერთია, დღეს ვისარგებლე რა მისი არყოფნით, სასწრაფოდ ჩავიჭყიტე იმ ჟურნალში, რომელშიც პროგრამების თანმიმდევრობა ეწერა და რომლითაც ჩემი ტრენერი სარგებლობდა. თვალებს არ დავუჯერე, როცა ჩემი პროგრამის შემამკობელ ფოტოებზე დაკუნთული ქალები დავინახე, თვალებს არ დავუჯერე… გამოდის, რომ მთელი 4 დღე  მეც იმ პროგრამით მავარჯიშებდა ის შეჩვენებული კაცი, რომლითაც ფოტოებიდან მომზირალი მუსკულებიანი ქალბატონები ვარჯიშობენ.  ეს ჟურნალი რომ არ მენახა, აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა ერთი თვის მერე… ნამდვილი კოშმარია.

მადლობა ღმერთს და იმ სატელეფონო ზარს, ტრენერი რომ 5 წუთით თავის საქმეს მოსწყვიტა, თორემ იხილავდით 2-3 თვეში რომელიმე სატელევიზიო შოუში დაკუნთულ თათიას.

არა, მაინც რატომ გადაწყვიტა იმ კაცმა ჩემი ტანმოვარჯიშედ ქცევა? – საოცარი ამბავია ღმერთმანი.

Posted in ბერძნული დღიურები | Leave a comment

დასაწყისის გაგრძელება ჰაერში :)

ესეც ასე! როგორც იქნა ეღირსა ელლადას ჩემი სტუმრობა 🙂 თვითმფრინავი უკან არ დაბრუნებულა, არც რაიმე განსაკუთრებული შემთხვევია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ დროდადრო საბრალოდ ამოიოხრებდა ხოლმე. მახსოვს, წამოსვლის წინ, ჩემმა ერთმა მეგობარმა, გაიგო რა რომელი ავიახაზებითაც მოვფრინავდი, მითხრა: “არ შეგეშინდეს, თუ რამდენიმეჯერ დაახველებს ის მფრინავი ობიექტიო”. მართალიც აღმოჩნდა. ისე საბრალოდ ახველებდა ჩემი თვითმფრინავი, რომ ერთი პირობა ვიფიქრე, სურდო ხომ არ სჭირს-თქო. აღნიშნული კომპანიის ავიახაზებით წელს პირველად მომიწია მგზავრობამ და ნამდვილად არ მეგონა, გამცილებელი გოგონების სახეებზე ასეთ სევდას თუ ვპოვებდი. თავიდან ვერ მივხვდი, რით შეიძლებოდა ყოფილიყო განპირობებული ეს სევდა, ყველა ლოგიკით ეს არ უნდა ყოფილიყო ფრენის შიშის გამო. დილის საუზმე რომ “მოგვართვეს”, ყველაფერი ცხადი გახდა ჩემთვის, რადგანაც ძველისძველი პურის ნაგლეჯის, ჩაყვითლებული კარაქის და ალბათ კვირეების წინ გამომცხვარი და დებისაგან გამომხმარი “ნამცხვრის” გასინჯვის შემდეგ, მეც ზუსტად ისეთივე მწუხარე სახე გამიხდა, როგორიც სტიუარდესებს ჰქონდათ…

მოკლედ, ჩამოვაღწიე ათენამდე და აეროპორტიდან გამოსვლისთანავე მივხვდი, რომ იქ ვიყავი, სადაც ყველა სევდა და მწუხარება ქრება ან ფერმკრთალდება. ყოველი შემთხვევისთვის ჩემთვის ეს ასეა 🙂

ათენი დამხვდა შეცვლილი. გამიკვირდა, რადგანაც ზაფხულში სულ სხვანაირი დავტოვე – სიცოცხლითა და სიხარულით სავსე, ახლა კი მოწყენილი მეჩვენა და ნაცრისფერი… ცოტა მოგვიანებით მივხვდი, რომ საამისოდ ბევრი მიზეზი აქვს ამ ბებერ ქალაქს, რაც ცალკე საუბრის თემაა. ამაზეც დავწერ მოგვიანებით.

ასეა თუ ისე, მივაღწიე ფილის ქუჩის #175-ში მცხოვრები ჩემი ბერძენი “ბებიის” სახლამდე. პირველი იმედგაცრუება ტაქსის მძღოლისგან მხვდა წილად, რომელმაც თითქმის ორმაგი გადამახდევინა მგზავრობაში, რადგანაც ხურდა არ აღმოაჩნდა 🙂 რას იზამ, ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს ამ ქვეყანაში. ჩემი დომენიკა ცხადია სახლში დამხვდა და აქედან დაიწყო ჩემი ახალი ბერძნული ცხოვრება, რომლითაც უკვე 1 კვირაა ვტკბები. ალბათ არ არსებობს მსოფლიოში მეორე ისეთი ადამიანი, 88 წლის ასაკში ასეთი წარმატებით რომ ახერხებდეს ერთმანეთთან ენერგიულობისა და მუდმივი სნეულების შეთავსებას, თანაც ისე, რომ მის სახეს ამით გამოწვეული ერთი ნაოჭიც კი არ ემატებოდეს. მოკლედ, დომნა – ესეც ცალკე თემაა, რომელსაც აუცილებლად მივუძღვნი ჩემი ბერძნული დღიურის სულ მცირე ერთ ჩანაწერს მაინც. ღირს იმის ცოდნა, ვინაა ეს ადამიანი, რა ცხოვრებით იცხოვრა და რა ცხოვრება აქვს ახლა.

ასეა, ძალიან უმნიშვნელო მოვლენამაც კი შეიძლება უდიდესი მნიშვნელობა შეიძინოს, თუ მას სხვისი თვალით შეხედავ.

ჩემი დღიურები აქ არ მთავრდება, პირიქით ეს ჯერ კიდევ მხოლოდ დასაწყისია!

Posted in ბერძნული დღიურები | 1 Comment

დასაწყისი

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთმა კეთილშობილმა ფონდმა, რომელის სახელიც კი მეტყველებს მის კეთილშობილებაზე, გადაწყვიტა ჩემი სადოქტორო დისერტაციის დასრულებაში საკუთარი წვლილი შეეტანა და 6 თვიანი სტიპენდიით დამასაჩუქრა ათენის უნივერსიტეტსა და ბიბლიოთეკებში თავად პრომეთესავით ნატანჯ ჩემს სადოქტორო თემაზე სამუშაოდ.

ამას მოჰყვა ჯერ ჩემი საყვარელი ბერძენი პოეტის მიერ ხელმოწერილი მოწვევა, შემდეგ საბერძნეთის საკონსულოდან სამინისტროებში, სამინისტროებიდან სამოქალაქო რეესტრში, სამოქალაქო რეესტრიდან პოლიციაში, პოლიციიდან ისევ საბერძნეთის საკონსულოში და ასე დაუსრულებლად სირბილი. მაგრამ როგორც ყოველივეს სამყაროში, რამდენიმე თვეში ამ სირბილსაც დაესვა წერტილი და საქმე უკვე ბილეთის შეძენასა და მშობლიურივით ტკბილ ათენში გამგზავრებაზე მიდგა. და აი, აქ დაიწყო ის, რასაც სახელი ჯერჯერობით ვერ მოვუძებნე და იქნებ ამ ბლოგის მკითხველები მაინც დამეხმარონ ამაში.

მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ფინანსური მდგომარეობა და ვინაიდან მეც ამ ქვეყნის მოქალაქე გახლავართ, „ფულის დაზოგვა“ გადავწყვიტე და დიდი ყოყმანის შემდეგ საბერძნეთში მიმავალი ავტობუსების ერთ-ერთ დილერს მივადექი. დილერი რისი დილერია, თუ კლიენტთა მოხიბლვის განსაკუთრებულ ხელოვნებას არ ფლობს, ხოდა ეს ჩემი დილერიც მეტისმეტად კარგი რიტორი აღმოჩნდა. ისეთი დამაჯერებლობით აღმიწერა ავტობუსის ტექნიკური და ადამიანური რესურსების ძლიერი მხარეები, თურქეთის ლანდშაფტის ხილვით მოსალოდნელი სიამოვნება, ახოვანი, ზრდილი, კეთილი და პროფესიონალი მძღოლების ხელოვნება, ავტობუსში გამეფებული მყუდროება და კომფორტი, რომ ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, ყოველივე ამის შემხედვარემ როგორ უნდა ამჯობინო ორდღიანი ასეთი სასიამოვნო ტური თვითმფრინავის შიშით გამოწვეულ სამსაათიან შოკს-თქო. ხოდა მეც ვიყიდე ავტობუსის ბილეთი და დიდის ამბით გავეშურე მშობლიური ხაშურისაკენ, იმ იმედით, რომ 2 დღეში ჩემი სუპერავტობუსი პირდაპირ ხაშურის “ტრასიდან” წამიყვანდა საბერძნეთში…

ორდღიანი გამომშვიდობებების, კეთილსურვილებიანი სადღეგრძელოების, სიხარულისა და მწუხარების ცრემლების შემდეგ დილაუთენია შევეხმიანე ჩემს სუპერდილერს სუპერავტობუსის განრიგის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად. დილერმა მისთვის ჩვეული სიმშვიდითა და ხავერდოვანი ხმით მითხრა, რომ სუპერავტობუსი ნახევარ საათში გამოვიდოდა და 1 საათში უკვე მეც მისი მგზავრი ვიქნებოდი. გავიდა სასიამოვნო მოლოდინით აღსავსე 40 წუთი, მე ისევ შევეხმიანე ჩემს დილერს, რომელმაც სწორედ ისეთივე მშვიდი და ხავერდოვანი ხმით იგივე ინფორმაცია მომაწოდა რაც 40 წუთის წინ, რომ ავტობუსი ნახევარ საათში გამოვიდოდა და ერთ საათში მე უკვე მისი მგზავრი ვიქნებოდი. წარმოიდგინეთ ჩემი შფოთვის ხარისხი, ხუმრობა საქმე ხომ არაა სუპერავტობუსის მგზავრი უნდა გავმხდარიყავი და ჩემი ბერძნული ოდისეა დაუვიწყარი ორდღიანი მგზავრობით უნდა დაწყებულიყო.

იდისეისა რა მოგახსენოთ და “სუპერავტობუსით” მგზავრობა კი ნამდვილად დაუვიწყარი აღმოჩნდა. განსაკუთრებული სიმძაფრით აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში ჩემი და ჩემი სუპერდილერის სატელეფონო საუბრები: დილის 10 საათიდან მოყოლებული 15:00 საათამდე 20 წუთიანი შუალედებით დაახლოებით 12-ჯერ შედგა ჩვენი სრულიად იდენტური საუბრები.  შეკითხვა 12-ვეჯერ იყო: “ავტობუსი ჯერ არ გამოსულა?” და პასუხიც ზუსტად ამდენივეჯერ იყო: “არა, ჯერ არ გამოსულა, აგერ საბუთი მოაქვთ და მაქსიმუმ 20 წუთში დაიძვრება თბილისიდან”… ამ საუბრების ყველაზე საინტერესო ელემენტი  სუპერდილერის 12-ვეჯერ იდენტურად ხავერდოვანი და მშვიდი ხმა და დილერისადმი 12-ვეჯერ ჩემი ნდობა იყო. მართლაც რომ დიდი ხელოვნებაა დილერის ხელოვნება…

თარსიაო ამბობენ, მაგრამ სწორედ მე-13 დარეკვაზე გამცა სუპერდილერმა განსხვავებული პასუხი: “აი, გამოვიდა თბილისიდან. ჩემი ძმის ნომერი ჩაიწერეთ, ის აგიყვანთ ავტობუსში, კეთილ მგზავრობას გისურვებთო”. მაშინ ნამდვილად არ მეგონა, რომ რიცხვი 13-ის თარს რიცხვად მაღიარებელთა სიაში მეც ჩავეწერებოდი…

დავუბრუნდი ისევ საწყის სასიამოვნოდ მღელვარე მდგომარეობას, თან გამუდმებით თავს ვიმშვიდებდი, რომ რაც ცუდად იწყება იმას განსაკუთრებულად კარგი დასასრული ექნებაო, ხოდა ღრმად მწამდა, რომ ჩემი 2 დღიანი მოგზაურობა სუპერავტობუსით სუპერმოგზაურობად იქცეოდა. იქცა კიდეც…

საკმაო ლოდინის შემდეგ ხაშურის მისადგომებთან “სუპერავტობუსი” გამოჩნდა. მართალია მე და ჩემს მრავალრიცხოვან გამცილებლებს, რომელთა ასაკი 4 წლიდან 63 წლამდე მერყეობდა, 300 მეტრის გარბენი გამოგვივიდა, სანამ ავტობუსამდე მივაღწევდით, რადგანაც ავტობუსის მუხრუჭებმა გაჩერებიდან სწორედ ამ დისტანციაზე მოახერხეს ელვის სისწრაფით მოძრავი რკინის მასის გაჩერება, მაგრამ ეს არაფერი. მთავარი მაშინ დაიწყო, როცა კარი გაიღო და ერთიმეორის მიყოლებით გადმოეწყვნენ უცნაურსუნიანი უცნაურად თვალებაელვარებული და უცნაურად მობლუყუნე 5 მამაკაცი, რომელთაგანაც 3 ჩემი სუპერავტობუსის მძღოლი აღმოჩნდა. მეოთხე საჭესთან იჯდა. “ჩქარა ჩემი დაიკო, რაც უფრო მალე ავალთ, მით მალე ჩავალთ ათენში. არ დაიწყო ახლა გამომშვიდობებები, გვეჩქარება” – მზრუნველი ტონით გამაფრთხილა ერთ-ერთმა მძღოლმა და ავტობუსში ამიძღვა.

ავტობუსში ასულმა, სანამ მის შიდა მდგომარეობას შევაფასებდი, 3-ჯერ ვცადე კარიდან თავი გამომეყო და ჩემს გამცილებლებს სიტყვიერად მაინც დავმშვიდობებოდი, რისი მცდელობაც წამიერად აღიკვეთა ავტობუსის მძღოლების მიერ, კერბეროსებივით რომ ჩამომდგარიყვნენ კართან და ერთმანეთს საკმაოდ ხმამაღალი და უშვერი სიტყვებით მიმართავდნენ. რას ვიზამდი, ბედს დავმორჩილდი და ავტობუსში ჩემი ადგილის ძებნა დავიწყე. პირველი იმედგაცრუებაც იქვე დამიხვდა: სანამ ჩემს ადგილამდე მივაღწევდი, იძულებული გავხდი გადამელახა ბორჯომის, ნაბეღლავის და წყლის ბოთლებისგან მტკიცედ ნაგები კედლები და ასევე  მგზავრების ბარგის გორაკები. მივაღწიე ჩემს ადგილამდე (მე-12 სკამი) და კუდამოძუებული გამოვბრუნდი, რადგანაც ვიღაც ღიპიანი ბიძა არცთუ საამო ჰანგებზე ჩართულიყო და ღრმად ეძინა. ამ გაურკვევლობიდან ერთ-ერთი მძღოლის მკაცრმა ხმამ გამომიყვანა: “დასვით ეხლა ეს გოგო დროზე, თქვენ რა გგონიათ 1 ბილეთით 2 სკამზე გაიშოტებით? ხალხი უნდა ამოვიდეს და კაცებს რომ მოგისვამთ გვერდით, მერე ნახავთ როგორ დროს გაატარებთ!” (მგზავრთა უმრავლესობას მდედრობითი სქესის წარმომადგენლები შეადგენდნენ). დაფეთდნენ ქალები. დავფეთდი მეც, რადგანაც კაცი მგზავრების შიშით დაფეთებულიო ქალბატონები მთელი გულით მთხოვდნენ მასთან დავმჯდარიყავი. შევწუხდი – მე ერთი ვიყავი და ისინი ბევრნი. “კარგით ხალხო, რას გიზამენ ასეთს ეს კაცები-თქო” – კი ამოვილუღლუღე ერთი მაგრამ რად გინდა, მძღოლი ისევ ჯიუტად იმეორებდა – ვნახოთ თანამგზავრი კაცები როგორ დროს გაგატარებინებენო და ქალებიც უფრო მეტი გულმოდგინებით მეხვეწებოდნენ “ჩემთან დაჯექი – ჩემთან დაჯექიო!”. საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მე მივიღე – ავტობუსის მგზავრებს თვალი მივავლ-მოვავლე და მგზავრი ქალბატონებიდან ყველაზე გამხდარი ავირჩიე სკამის მეზობლად (ხუმრობა საქმე ხომ არაა, ვინმე ახოვან და ფერ-ხორციან ქალბატონთან ერთად ვიწრო სკამებზე ორი დღის გატარება, როცა არც თავად ვუჩივი ფერ-ხორცის ნაკლებობას :)).

ბევრი რაღა გავაგრძელო და ჩემი სუპერავტობუსი ქუთაისამდე ისე ჩავიდა, თუკი რაიმე ლოცვა მახსოვდა ზეპირად, ყველა ენაზე რამდენჯერმე ჩამოვარაკრაკე გუნებაში. ჩემი სკამის მეზობელი ქალბატონი ამას ხმამაღლა აკეთებდა, ქოროს ფუნქციაშეთავსებული სხვა მგზავრები კი თნაბარი ინტერვალებით უდასტურებდნენ თანაგრძნობას ავტობუსის პროტაგონისტს და დროდადრო შეჰღაღადებდნენ ხოლმე “ამინ”-ს. ასე ლოცვა-ვედრებით ჩავაღწიეთ ქუთაისამდე. ჩვენს ლოცვას ცხადია თან ახლდა ავტობუსის მძღოლების პოლიფონიური შეძახილები: “ეს ამ თოვლს გაუმარჯოს”, “ეს ჩვენ პილოტს გაუმარჯოს”, “მიდი ილო, მიაწექი, გადაუსწარი, მაგის დედა…”, “გააჩერე, უნდა ვიგუნდაო ბიჭოო” და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

მიუხედავად ავტობუსის შიგნით გამეფებული ქაოსისა, მაინც ყველა მგზავრს ჰქონდა იმის იმედი, რომ ოდესმე ამავე ავტობუსიდან ელადის მიწაზე ჩამოდგამდა ფეხს. როგორც ამბობენ, იმედი ბოლოს კვდება. აი, ჩვენმა იმედმა კი ძალიან მალე დალია სული. ქუთაისში ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, ავტობუსი დაიძრა. ძალიან მალე მივხვდით, რომ ტყუილად გაგვიხარდა… რადგანაც ჩვენმა ავტობუსმა ერთი წრე დაარტყა და ისევ რიკოთის უღელტეხილისაკენ აიღო გეზი. გვიან-გვიან გავარკვიეთ, რომ ავტობუსს ლიცენზია არ ჰქონია და ისე აპირებდა საზღვრის გადაკვეთას. ადვილი წარმოსადგენია, მერე რაც მოხდებოდა –  მოლიპულ გზებზე ფორმულა 1-ის მონაწილესავით მოარული ავტობუსის სვლით განპირობებულ ლოცვას მგზავრების მხრიდან თანდათან შეერია წყევლა-კრულვა, რომელიც ცხადია მძღოლებისადმი იყო მიმართული. მძღოლები ისევ – “ეს ამ თოვლს გაუმარჯოს”, “ეს ჩვენ პილოტს გაუმარჯოს”, “მიდი ილო, მიაწექი, გადაუსწარი, მაგის დედა…”, “გააჩერე, უნდა ვიგუნდაო ბიჭოო” და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…

შინ დაბრუნებულს სულაც არ გამკვირვებია ჩემი ოჯახისწევრების გაოგნებული სახეების დანახვა, არც სამსახურში უეცრად გამოცხადებული მოველოდი სხვას, თუ არა მკვდრეთით აღმსდგარის ეპითეტებით შემკობას. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები, რომელსაც აქ არ დავწერ 🙂 მხოლოდ მოვუბოდიშებ ჩემს ახლობლებს, თუ ძალიან შევაშინე ჩემი უეცარი გამოჩენით, ალბათ წინასწარ უნდა გამეფრთხილებინა, მაგრამ მერე ისეთი შედეგი ხომ აღარ მოჰყვებოდა, როგორიც მოჰყვა.

მოკლედ, ახლა ვზივარ აეროპორტში და ჩემს რეისს ველოდები. თან გულში ვიმეორებ, ვინც მეორედ ავტობუსით წასვლა გადაწყვიტოს – იმის ასე და ისე-თქო. იმედია თვითმფრინავსაც იგივე ბედი არ ეწევა, რაც ჩემს სუპერავტობუსს დაემართ, თუმცა კაცმა არ იცის. ჩემი ოდისეა ხომ მხოლოდ ახლა იწყება 🙂

Posted in ბერძნული დღიურები | Leave a comment